თბილისში აპირებენ დაარსონ ფარაჯანოვის მუზეუმი – პირველი ექსპონატები გენიის ცხოვრებიდან

საქართველოს დედაქალაქში მრავალი მშვენიერი და საინტერესო მუზეუმია. არ ყოფნის მხოლოდ ერთი – საკულტო რეჟისორის – სერგო ფარაჯანოვის სახელობის. პროექტის „გასეირნება ძველ თბილისში“ კოლუმნისტის „სპუტნიკი“ სწორედ ამაზე მოგითხრობთ.

ამბობენ, ადამიანის სული 21 გრამს იწონისო. დავუშვათ, ჩვენ შევძელით ამ მეცნიერული თეორიის დამტკიცება. გავიგეთ, რომ ადამიანი სიკვდილის მომენტში ნამდვილად კარგავს 21 გრამს. რა მოსდის შემდეგ, მოკვდავის სხეულიდან გასულ ამ გრამებს?

ისინი სხვა სხეულში გადაინაცვლებენ თუ ზეცაში მიფრინავენ? არც ერთი და არც მეორე. გრამები იშლება უმცირეს ატომებად, რომლებიც ავსებენ ჰაერს, ხსოვნას, ნივთებს. ამ დასკვნამდე მივედი, როცა ვათვალიერებდი, უდიდესი რეჟისორის, სერგეი ფარაჯანოვის სკივრიდან ამოლაგებულ ნივთებს. 

ქსოვილის ნაკუწები, თბილისის ქუჩებივით ვიწრო და ჭრელი, ძველი ზარდახშა შიგ მაქმანებით, მძივებით და გენიის საიდუმლოსკენ მიმავალი კარების ძველებური გასაღებებით, ამ ჯადოსნურ კუნძულთან პატრონის უაზრო ახირებით ღუზა ჩაშვებული გემი, ცხენი, თოჯინები, ბროწეულის ნაყოფი, სცენარი ფილმისთვის „აღსარება“…

თითქოს ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული ნივთები იწყებენ სიუჟეტურ ხაზში ჩამწკრივებას. და შენ ხვდები – აქ არ არსებობენ შემთხვევითი პერსონაჟები, ყოველ მათგანს აქვს რეჯისორის მიერ გამოყოფილი თავისი როლი.  ფარაჯანოვი, როგორც ადრე, აგრძელებს შენთან საუბარს სიმბოლოების ენით, რადგან ყოველ მათგანში ჩადებულია მისი სულის ნაწილი.

როგორ იპოვნა სკივრმა კინოდოკუმენტალისტი

საქართველოში მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ ყველაფერი ძვირფასი, რაც ფარაჯანოვის სიკვდილის შემდეგ დარჩა, ერევანში „გაემგზავრა“. და თუკი რაიმე დარჩა ოსტატის მიერ შექმნილი ნიმუშებიდან, კერძო კოლექციებშია, რომელთა რაოდენობა მიზერულია.

და უეცრად, ერთ თბილისურ სახლში ჩნდება ნივთებით სავსე სკივრი. ამ სკივრს კი პოულობს კინოდოკუმენტალისტი – ხოსე მაჯინერე. სწორედ ის, ვინც გადაიღო 30-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი სერგო ფარაჯანოვზე.

 არ მოჰყვე ჩემს შესახებ – მთხოვა ხოსემ, როცა მიამბობდა ამ ნივთების პოვნის ისტორიას. უმჯობესია იმ გასაოცარი ქალბატონის შესახებ ისაუბრო, ვინც გადმომცა ექსპონატები მომავალი მუზეუმისათვის.

ყველაფერი კი ასე მოხდა. ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, როცა ხოსე ფარაჯანოვის სახლისაკენ მიდიოდა, მან მეზობელი სახლის აივანზე შეამჩნია ქალი. ის ერთგვარი იდუმალი მზერით უყურებდა მას. თითქოს რაღაცის შესახებ სურდა მოეთხრო ან რაიმე გადაეცა…

კაცი ავიდა მასთან და ჰკითხა იცნობდა თუ არა ის რეჟისორს. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ძალიან კარგად იცნობდა სერგო ფარაჯანოვს, რომელიც ხშირად აფარებდა თავს მათ სახლს უსიამო სტუმრებისაგან.  სერგეი იოსების ძეს უყვარდა მათთან სტუმრობა და ხანგრძლივი საუბრები.

– და რომელ სკამზეც არ უნდა დამჯდარიყო მათთან მოსული, მისი წონის გამო ყველა სკამი ირყეოდა. ერთხელაც,  მოვიდა, მოიტანა სკამი და თქვა, ეს იქნება მისი სკამი. და რომ მასზე სხვა არავინ დასვან!

ხოსემ  მოუთხრო, რომ იღებს ფილმების სერიას ფარაჯანოვის შესახებ. და რომ სურდა თბილისში გახსნილიყო სერგო ფარაჯანოვის კულტურის ცენტრი ან მუზეუმი. ხოსე ელოდა, რომ მისგან კიდევ რაიმეს გაიგონებდა. მაგრამ უშედეგოდ. მათი განმეორებითი შეხვედრა შედგა ერთი წლის შემდეგ, როცა ახლადგაცნობილი კვლავ ჩამოვიდა თბილისში საზაფხულოდ. მან დაურეკა კინოდოკუმენტალისტს და თავისთან სახლში  დაპატიჟა.

ვემზადებით საიდუმლოსთვის – განძიის ამოღება

შიგნით ბევრი სხვადასხვა რამ ეწყო. დროდადრო მეზობელთან სტუმრობისას, ხსნიდა სკივრს, ამოიღებდა იქიდან  მასალას ხელსაქმისთვის და იგონებდა მათგან გამომსახველ სურათებს. სხვა ნივთებთან ერთად, ფარაჯანოვს სკივრში ეწყო ორი თოჯინა. ერთხელაც ბავშვებმა ბიძია სერიოჟას არყოფნით ისარგებლეს, ჩაძვრნენ სკივრში და დაიწყეს თოჯინებით თამაში.

საკვირველია, მაგრამ ფაქტია – ბროწეულები ამ სკივრში ათწლეულები ინახებოდა

– მე ვუკრძალავდი, რადგან ეს სერგეის თოჯინები იყო, – ჰყვებოდა ქალი, – და მას შეეძლო ნებისმიერ დროს წაეღო. ერთხელ, სწორედ იმ დროს მოვიდა, როცა ბავშვები თოჯინით თამაშობდნენ, ტანსაცმელს ურჩევდნენ. მან თქვა, – „შეურჩიონ სამოსი და ჩააცვან. ის ცოცხალია და უხარია, რომ ეთამაშებიან.“

მომავალი სამუზეუმო ექსპონატი.

მას შემდეგ მრავალმა წელმა განვლო. სახლის პატრონი უკვე დიდი ხანია უცხო ქვეყანაში ცხოვრობს. ძირითადად ზაფხულობით ჩამოდის. სწორედ შარშან ზაფხულში შეამჩნია თავის სახლთან კინოდოკუმენტალისტი. შემდეგ კი, როგორც თვითონ გამოტყდა, იხილა მისი გადაღებული ფილმები, სიმპატიით განიმსჭვალა და გადაწყვიტა გადაეცა ძვირფასი რელიქვია.

სერგეი ფარაჯანოვი და მარჩელო მასტროიანი.
იური მეჩითოვის ფოტო

 როცა საპირისპირო მხარეს მიდიხარ

ამ ქალბატონმა კატეგორიულად არ მოინდომა თავისი ვინაობის გამხელა, – ჰყვება ხოსე.   მაშინ, როცა, არცერთ მათგანს, რომლებთანაც ვიწერდი ინტერვიუს ჩემი ფილმებისათვის, – მის ყოფილ მეგობრებს, ამხანაგებს, ნაცნობებს, კოლეგებს –  არ გამოუხატავთ მომავალი მუზეუმისთვის საკუთარი ნივთებიდან რაიმეს გადაცემის სურვილი. ეს გასაგებიც არის, ძნელია შეელიო ძვირფას სახსოვარ ნივთს. იმედი გვაქვს,  მუზეუმის გახსნის შემდეგ გამოთქვამენ სურვილს და შეიტანენ თავის წვლილს. თავის დროზე სერგომ მათ ყველას „უხვად დაურიგა თავისი თავი“. მაგრამ „სერგოს შეგროვება“ უფრო ძნელი აღმოჩნდა.


ხოსემ გადაწყვიტა ეთამაშა თავისი კუმირის თამაშები და როლში შევიდა.

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. ბევრი წლის წინ, როცა ერევანში მუზეუმი იხსნებოდა, ადამიანებმა რეჟისორის ნაჩუქარი კოლაჟები და მნიშვნელოვანი ნივთები თავად გადასცეს მუზეუმს საჩუქრად. მეზობელმა ქალბატონმა კი რატომღაც არ ისურვა რეჟისორის კუთვნილ ნივთებთან განშორება. იქნებ ამ სკივრს სწორედ იმისთვის ინახავდა, რომ ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ გადაეცა, – თბილისში ფარაჯანოვის მუზეუმის გახსნის ინიციატორისთვის?!

 ხოსემ კი  ასეთი ძვირფასი საჩუქარი მიიღო და ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმს გადასცა დროებით შესანახად. 

რამდენიმე ღამეში გადაწერილი სცენარი

რწმენის გარეშე აგურის კედელსაც ვერ ააშენებ. ამ შემთხვევაში კი საქმე ეხება მთელს მუზეუმს, სადაც დიდი ოსტატის სული სიმშვიდეს მოიპოვებს. ამიტომ იმის რწმენა, რომ მუზეუმი გაიხსნება, მიუხედავად რეალური წინააღმდეგობებისა, ინიციატივის ავტორს ყოველთვის აქვს. უფრო ზუსტად, იმ მომენტიდან, როცა ფარაჯანოვის შემოქმედება აღმოაჩინა და დაიწყო მასზე დოკუმენტური ფილმების გადაღება. შემდეგ კი… შემდეგ „დაავადდა“ ფარაჯანოვით. და მაესტროს გენია გადაიქცა რელიგიად და შემოქმედების საზომად. იმ სივრცის ძებნა, სადაც შეიძლება შეიტყო ფარაჯანოვის შესახებ და განიხილო მისი მრავალმხრივი ტალანტი, გაჩნდა უკვე როგორც თავისთავადი რამ.

ოსტატის კიდევ ერთი ფანტაზია

სერგო ფარაჯანოვის შესანიშნავი სახლ-მუზეუმია ერევანში, რომელიც თითქოს რეჟისორის არსებობის გაგრძელებაა. მაგრამ ამ სახლში მას ერთი დღეც არ უცხოვრია. მაშ, რატომ არ უნდა გაიხსნას მუზეუმი მის მშობლიურ თბილის-ქალაქში, სადაც მაესტრო დაიბადა, შექმნა თავისი შემოქმედება და ცხოვრების ბოლო წლები გაატარა?..

ფარაჯანოვი რჩება მსოფლიო მასშტაბის რეჟისორად, რომელმაც ახალი კინო-ენა შექმნა. ის, საბჭოთა ხელისუფლების მიერ, თავისი თვითმყოფადობის და შინაგანი თავისუფლების გამო იდევნებოდა. მისი ამნისტირების პეტიციას ევროპული კინემატოგრაფიის ისეთი კორიფეები აწერდნენ ხელს, როგორებიცაა: ფედერიკო ფელინი, ფრანსუა ტრიუფო, ჟან ლუკ გოდარი, მიქელანჯელო ანტონიონი, ბერნარდო ბერტოლუჩი და სხვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა ფრანგი პოეტი და პროზაიკოსი, გიგანტური ფიგურა –  ლუი არაგონი, ფარაჯანოვი საპყრობილედან გაანთავისუფლეს, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე თერთმეტი თვით ადრე.

სერგეი ფარაჯანოვი.
იური მეჩითოვის ფოტო

მშობლიურ თბილისში კი, მაესტრო პატიმრობის შემდეგ დაბრუნდა, სადაც მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი შექმნა. აქ კი, სამწუხაროდ, მაესტროს  „ნახტომში გარინდული“ სკულპტურის გარდა, მას არაფერი გაგვახსენებს.

რა თქმა უნდა, გარკვეული სიძნელეები არსებობს  ამ იდეის განხორციელების გზაზე. ფარაჯანოვის სახლი წლების უკან მისმა მეზობლებმა შეიძინეს და სასტუმროდ გადააქციეს. რეჟისორის ნივთები, კოლაჟები, ფოტოები, ავეჯი – ერევნის მუზეუმში წაიღეს. მაგრამ, ცხოვრებაში მთავარია არ დაკარგო რწმენა და მაშინ დაიწყება ისეთი საოცრებების მოხდენა, რომელიც მხოლოდ მისტიკით და ფარაჯანოვის უშუალო მოქმედებით აიხსნება.

სერგეი ფარაჯანოვი.
იური მეჩითოვის ფოტო

ერთი წლის წინ ხოსემ მიმართა თბილისის საკრებულოს ინიციატივით – იმ ქუჩას, სადაც მაესტრო ცხოვრობდა, ეწოდოს სერგო ფარაჯანოვის სახელი. 2021 წლის 31 აგვისტოს, თბილისის საკრებულოში ჩატარდა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა, სადაც ერთხმად მიიღეს ეს ინიციატივა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ქალბატონმა მარიკა დარჩიამ დამსწრეთ მიულოცა ეს დღე, და ისაუბრა ამჟამად, მიმდინარე საზოგადოებრივ მოძრაობაზე – „ფარაჯანოვის მუზეუმი თბილისს“, რომელსაც სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სხდომის წევრებთან ერთად. მან თქვა, რომ დღევანდელი დღე პირველი გადადგმული ნაბიჯია ამ მიზნისაკენ. ბოლოს კი გააკეთა მოულოდნელი, მაგრამ, მეტად სასიამოვნო განცხადება, რომ სერგო ფარაჯანოვის მუზეუმს დაარსებისთანავე გადასცემს მაესტროს მიერ ნაჩუქარ ხალიჩას.

და ასე გამოდის – თითოეულისგან თითო ექსპონატი, ფარაჯანოვს კი – მუზეუმი!

უცნაური, ფანტაზიორი და გენია…

ის თითქოს გამოუვალ მდგომარეობაშიც მამხნევებს! თითქოს მეუბნება – ხოსე! აკეთე შენი საქმე, – გვიზიარებს კინოდოკუმენტალისტი – სასწაულები კი ჩემზე იყოს. სინამდვილეშიც ხომ ასე იყო, დაიმუქრა, რომ სიყვარულით იძიებდა შურს…

ავტორი: ეკა მინასიანი

თარგმანი: ხოსე მაჯინერე

წყარო: Спутник Грузия